English / ქართული / русский /
ლალი სრესელი
სახელმწიფოსა და ბიზნესის პარტნიორობის როლი დასაქმების მაჩვენებელზე

ანოტაცია.უმუშევრობის შემცირება და  მოსახლეობის ეფექტიანი დასაქმება ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. ბიზნესის განვითარება, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს და სტაბილურ ეკონომიკურ მდგომარეობას ქმნის, შეუძლებელია სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე და თავის მხრივ,  ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე დამოკიდებულია ბიზნეს სექტორის განვითარების ხარისხზე, ვინაიდან სწორედ ბიზნესი წარმოადგენს ერთგვარ ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ახორციელებს თავის ფუნქციებს.

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ბოლო წლებში მზარდი ტენდენციით ხასიათდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბიზნესის როლის მნიშვნელობას სამუშაო ადგილების ზრდისა და შესაბამისად, დასაქმების თვალსაზრისით. სულ უფრო მკვეთრად იკვეთება სახელმწიფოს, როგორც ეკონომიკის „მარეგულირებლის“ როლი.     

საკვანძო სიტყვები: დასაქმება,უმუშევრობა,ბიზნესი მეწარმეობა,სახელმწიფო.

შესავალი 

უმუშევრობა - შრომისუნარიანი მოსახლეობის ნაწილის დროებითი დაუსაქმებლობა - მოვლენა, რომელსაც აწყდება ნებისმიერი სახელმწიფო თუ საზოგადოება, დაკავშირებულია საწარმოო და შრომითი რესურსების ეფექტურად გამოყენების პრინციპის დარღვევასთან. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებისთვის იგი იღებს გლობალურ საშიშ ხასიათს, უარყოფითად აისახება ნებისმიერი საზოგადოების ცხოვრების ეკონომიკურ თუ სოციალურ სფეროზე.

უმუშევრობის დონის შემცირება და  მოსახლეობის ეფექტიანი დასაქმება  ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.     

უმუშევრობის პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა ბიზნესის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც  ბიზნეს -გარემოს სრულყოფისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების გზით მიიღწევა, ეს უკანასკნელი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია და მოვალეობაა. ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე დამოკიდებულია ბიზნეს სექტორის განვითარების ხარისხზე,ვინაიდან სწორედ ბიზნესი წარმოადგენს ერთგვარ ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ახორციელებს თავის ფუნქციებს.

განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში უაღრესად დიდია ბიზნესის როლი და მნიშვნელობა. დღეს ჯანსაღი ბიზნესის განვითარების პირობები განსაზღვრავს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დონეს. ამიტომ, ბიზნესი ხდება საქართველოს ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ბიზნესი არის სამუშაოს ძირითადი ან მეორადი დასაქმების ფორმა. 

* * *

სამეწარმეო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკის განვითარებაში. მცირე და საშუალო საწარმოები, დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალით, ასევე ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედად მიიჩნევა.

შრომის ბაზარზე ბიზნესის როლის მნიშვნელობას ხაზს უსვამს USAID–ისა და IOM– ის (USAID & IOM, 2010) მიერ ჩატარებული კვლევაც, რომლის თანახმად, საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა დიდწილად დამოკიდებულია ბიზნესის განვითარებაზე.

შრომის ბაზარზე დასაქმების ორ ძირითად წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო და არასახელმწიფო (კერძო) სექტორი. საკუთრების ფორმების მიხედვით დასაქმებულთა განაწილება კი ცხადყოფს, რომ საქართველოში დასაქმების ზრდის ძირითადი წყარო კერძო სექტორია.       

საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი  გვიჩვენებს, რომ 2018 წელს არასახელმწიფო სექტორში  დასაქმებულთა წილმა 82% (1 394,4 კაცი), ხოლო სახელმწიფო სექტორში 18% (299,8 კაცი) შეადგინა. 2019 წლის მონაცემებით (საქსტატი, 2019) სულ დასაქმებულია 1 690,2 ათასი კაცი. აქედან სახელმწიფო სექტორში - 299,7, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 1390,5 ათსი კაცი.

ბოლო წლების მონაცემები ბინზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ასე გამოიყურება:       

2016 წელი  - 666,8 ათასი კაცი;

2017 წელი -   708,2 ათასი კაცი;

2018  წელი -  734,2  ათასი კაცი;

2019  წელი -  756,9  ათსი კაცი;

2020 წელი -    641,6 ათასი კაცი  (საქსტატი, 2020).

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ბოლო წლებში, მუდმივად მზარდი ტენდენციით ხასიათდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბიზნესის როლის მნიშვნელობას სამუშაო ადგილების ზრდისა და შესაბამისად, დასაქმების თვალსაზრისით.         

მნიშვნელოვანი მიმართულება მოსახლეობის დასაქმების უზრუნველყოფაში - ეს არის სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის განვითარების სტიმულირებისაკენ მიმართული ღონისძიებები, რამაც შეიძლება გაზარდოს მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე. ეკონომიკური განვითარების დაჩქარება და ახალი სამუშაო ადგილების  მეტი რაოდენობით შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განვითარებით არის შესაძლებელი.

„ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა ეფუძნებოდეს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, რომელიც ძლიერი კერძო სექტორის წინაპირობაა. შესაბამისად, თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაყრდნობით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, ერთი მხრივ, მიმართული იქნება კერძო სექტორის შემდგომი განვითარებისა და კერძო სექტორში არსებული პრობლემების გადაჭრისკენ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კერძო სექტორის გაძლიერებასა და სამუშაო ადგილების გენერირებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სასურველი დონის მიღწევამდე, უზრუნველყოფს მოსახლეობის იმ ფენების მხარდაჭერას, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ. ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა არის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი. მთავრობა მიზნად ისახავს ისეთი მოდელის დანერგვას, რომლის პირობებშიც, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მცირდება სიღარიბე და უმუშევრობა მოსახლეობაში. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკურ ეფექტიანობასთან ერთად, იხელმძღვანელებს სოციალური უსაფრთხოებისა და სამართლიანობის პრინციპებით. ... მთავრობის მიერ შემუშავებული 4-პუნქტიანი გეგმა მიმართულია ბიზნესის, როგორც ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებლის, განვითარებაზე, ადამიანური რესურსების პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე ქვეყნის განვითარებაში [ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2017-2020 თბილისი 2016:11-12].

ბიზნესის კეთებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა ეფექტიანი გზაა დასაქმების დონის ასამაღლებლად. საქართველოში  ბიზნესის კეთების ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორებია: ფინანსების ხელმისაწვდომობა, ინფლაცია და არაადექვატური განათლების მუშა-ხელი. ამიტომ ქვეყნის მთავრობამ და სხვა შესაბამისმა უწყებებმა  უნდა სცადონ ამ შეზღუდვების აღმოფხვრა, რათა მეწარმეობა, დასაქმების წყარო სწრაფად განვითარდეს  [ბრეგვაძე თ., 2013:14].

სახელმწიფომ უნდა შექმნას მეწარმეობის ჩამოყალიბება-განვითარების ხელსაყრელი გარემო-პირობები. კერძოდ უზრუნველყოს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილიზაცია, სიმშვიდე წესრიგი, დისციპლინა, თავად მეწარმის ფიზიკური უსაფრთხოება, ქონებისა და ტრანსპორტირებისას ტვირთის დაცვა.

სახელმწიფოს ევალება ბიზნესის სამართლებრივი უზრუნველყოფა ანუ ბაზრის პირობებში თამაშის ცივილიზებული წესების შემუშავება და დაცვა.

სახელმწიფოს ევალება აკრეფილი გადასახადების ადექვატური ბიზნეს-გარემოს შეთავაზება მეწარმეთა ფენისა და მთლიანად საზოგადოებისათვის.

სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობათა ჩამოყალიბებაში წამყვანი როლი სახელმწიფოს მიეკუთვნება. ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით სახელმწიფო ვალდებულია:

- შექმნას და შეინახოს ინფრასტრუქტრა, რომელიც აუცილებელია ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირებისა და  და განვითარებისათვის;

-  ხელი შეუწყოს ახალი ინოვაციური დარგების შექმნას და განვითარებას;

- მხარი დაუჭიროს და განავითაროს სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო საპროექტო სამუშაოები;

- შეისყიდოს კერძო კომპანიების საქონელი და მომსახურება;

- დაასტიმულიროს ინფორმაციის მოპოვება შენახვა და რეალიზაცია.

მთავარი მაინც სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობაში არის მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ზოგადი პირობების შექმნა, მათ შორის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განვითარება, რომლებზედაც არის დაფუძნებული მთელი ეკონომიკური სისტემის და მათ შორის ბიზნესის ფუნქციონირება და განვითარება.   

ყოველწლიურად აშშ ფედეერალური სახელმწიფოს, კონგრესის მიერ მტკიცდება 400-ზე მეტი ახალი კანონი თუ დებულება. საქართველოსთვის ამ მხრივ  რეკორდული იყო 2005  წელი, როდესაც წლის ბოლოს დამტკიცდა 100-მდე კანონი. გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება გამოსცემს დამატებით ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეების სამეწარმეო ქცევის წესებზე.

სახელმწიფო და მეწარმე ერთმანეთთან ამყარებენ კავშირს მაშინ, როდესაც ოფიციალურად ხდება სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაცია. შემდგომ  მთელი მისი საქმიანობის პერიოდში მეწარმე ანგარიშვალდებულია საგადასახადო, საბაჟო, სახანძრო სანიტარული თუ სხვა სახელმწიფო ხელმძღვანელობის ორგანოების წინაშე ამ ნორმებისა და ნორმატივების დაცვაზე, რომელიც მის მიერაა დაწესებული. თავის მხრივ, კომპანიები ვალდებულნი არიან თავიანთი მოგების ნაწილი უწილადონ სახელმწიფოს გადასახადების სახით. ამდენად მყარდება ორმხრივი ურთიერთობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის. არსებული საკანონმდებლო ბაზის ფარგლებში. სახელმწიფო იძლევა თავისუფალი ბიზნესის მყარ გარანტიებს, ხოლო ბიზნესი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია გადასახადების ფორმით. 

სახელმწიფო ზღუდავს ოლიგოპოლიური ფირმების გაერთიანებას, რადგან ისინი უარყოფითად მოქმედებენ კონკურენციაზე და ხელს უწყობენ ოლიგოპოლიური ფასების დაწესებას. ასევე სახელმწიფო იყენებს ყველა ღონეს რათა არ წარმოიშვას მონოპოლისტური კავშირები.

მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს რომ განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც არსებობს უმსხვილესი საწარმოები და კორპორაციები, რომლებსაც მონოპოლიზებული აქვთ წარმოების მსხვილი სექტორები, მთლიანი პროდუქტის ძირითადი მასა იქმნება მცირე და საშუალო ბიზნესში.   მრავალ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიცაა აშშ, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა, საწარმოთა უმეტესი ნაწილი ( 90% -ზე მეტი) განეკუთვნება მცირე და საშუალო ბიზნესს, სადაც თვითოეულში დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემაება 500 კაცს. მათი მეშვეობით იწარმოება მთელი გამოშვებული პროდუქციის ნახევარზე მეტი, ხოლო მათში დასაქმებულია მთლიანად მომუშავეთა 75-80 %.

განვითარებულ საბაზრო ეკონომიკის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესის სახელმწიფო  მხარდაჭერის სისტემა.

განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბიზნესის აღნიშნული სექტორი უზრუნველყოფს ქვეყნისათვის მთელი რიგი მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტას, რომელთა შორისაა:

- დასაქმება და თვითდასაქმება;

- წარმოებაში სამუშაო ძალის იმ რეზერვის ჩართვა, რომლებიც არ გამოიყენებიან მსხვილ წარმოებაში მათი ტექნოლოგიური ან სხვა თავისებურებათა გამო (პენსიონერები, უნარშეზღუდულები, მოსწავლეები და ა.შ., რომელთაც აქვთ დასაქმების სურვილი).

მცირე ბიზნესის განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს მისადმი ყოველმხრივი და სტაბილური სახელმწიფო მხარდაჭერა. მცირე ბიზნესის   სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო მხარდაჭერის ფორმებიდან უნდა აღინიშნოს შემდეგი:

- სუბვენციები, სუბსიდიები, დივიდენდები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე

- საბიუჯეტო კრედიტები, სესხები;

- სახელმწიფო და მუნიციპალური გარანტიები.

საწარმოთა დასაფინანსებლად სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს ისეთი ფინანსური მექანიზმები, როგორიცაა დოტაცია და სუბვენცია.

უსასყიდლოდ და დაუბრუნებად  ასიგნებებთან ერთად სახელმწიფომ ბიზნესს შეიძლება გამოუყოს სახსრები ანაზღაურების და დაბრუნების ფორმით − საბიუჯეტო კრედიტი.  ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფომ ბიუჯეტიდან შეიძლება გასცეს უპროცენტო სესხი დადგენილი ლიმიტის ფარგლებში.

ბიზნესის და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის, მნიშვნელოვანი პრობლემაა ინვესტიციების მოზიდვა. პრაქტიკა გვიჩვენებს რომ მეწარმეთა მიმართ ბანკები ყოველთვის არ იჩენენ სათანადო ყურადღებას. ისინი ძირითადად ორიენტირებულნი არიან მსხვილი კრედიტების გაცემაზე სტაბილურად მომუშავე საწარმოებისათვის. საწარმოები რომლებიც დასაქმებულნი არიან  პროდუქციის გამოშვებით, ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით (რეალური სექტორი) ძნელად  სარგებლობენ საბანკო კრედიტით.

ასეთ ვითარებაში სახელმწიფო შეიმუშავებს ბიზნესისადმი მხარდაჭერის აქტიურ ფორმებს და მეთოდებს ,რომელთა შორის უნდა აღინიშნოს შემდეგი:

- ბიზნესის საბანკო კრედიტზე პროცენტის ნაწილობრივ სახელმწიფო კომპენსაცია. ასეთ შემთხვევაში ბანკები, როგორც წესი ზრდიან საპროცენტო განაკვეთებს, ამიტომ აღნიშნული მიდგომა პრაქტიკაში იშვიათად გამოიყენება;

- წილობრივი საგარანტიო სახელმწიფო მხარდაჭერა ბიზნესის საბანკო კრედიტებზე. იგი უზრუნველყოფს საბანკო კრედიტის მიღებას იმ პირობით, რომ სახელმწიფო გარანტად უდგება ბიზნესს საბიუჯეტო რაღაც ნაწილში, ხოლო მის მეორე ნაწილზე თვით საწარმომ უნდა აიღოს სრული ვალდებულება. ბიზნესისადმი მხარდაჭერის ასეთი სქემა უზრუნველყოფს საბანკო კრედიტებზე დაბალრენტაბელური საწარმოების დაშვებას, რომელთა სფეროს წარმოადგენს წარმოება და მომსახურების მიწოდება.

ბიზნესისადმი სახელმწიფო გარანტიების გაცემა რეგულირდება გარკვეული წესების საფუძველზე, რომელიც გამომდინარეობს ქვეყანაში მოქმედი კანონებიდან.

ბიზნესისადმი სახელმწიფო მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა საგადასახადო კრედიტი. ასეთი კრედიტის გაცემის კანონიერი შესაძლებლობა უნდა იყოს განსაზღვრული მოცემული ქვეყნის საგადასახადო კოდექსში ან სხვა ნორმატიულ აქტებში.

ბიზნესის სახელმწიფო დაფინანსების ერთ-ერთი ფორმაა საგადასახადო არდადაგები. იგი ნიშნავს კანონით დადგენილ ვადას, რომლის განმავლობაშიც საწარმოების (ფირმების, კომპანიების) ესა თუ ის ჯგუფი თავისუფლდებიან ამ თუ იმ გადასახადის გადახდისაგან. ასეთი ფორმის გამოყენება ინერგება საქართველოშიც.  საგადასახადო არდადაგები შეიძლება დაწესდეს ქვეყნის ცალკეული რეგიონების ბიზნეს-სუბიექტებისთვის მათთვის შექმნილი არახელსაყრელი პირობების გამო.

ბიზნესის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს აგრეთვე საგადასახადო შეღავათები (პრეფერენციები) იგი ნიშნავს გადასახადების გადახდისაგან იურიდიული და ფიზიკური პირების გარკვეული წრის მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას. საგადასახადო შეღავათები გაიცემა ბიზნესზე მხარდასაჭერად ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის დროს.

სახელმწიფოს ფუნქციებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბიზნესისადმი ხელსაყრელი გარემო პირობების შექმნას, მისი განვითრებისადმი ხელის შეწყობას და უსაფრთხოების დაცვას. სახელმწიფოს ძლიერება დამოკიდებულია ბიზნესის წარმატებულ განვითარებაზე, ამიტომ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ბიზნესი გარე და შიგა რისკებისაგან, ხელი შეუწყოს მის მდგრად და სწრაფ განვითარებას. ბიზნესის დაცვაზე ორიენტირებულია ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოები, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ბიზნესის დაცვა.

მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში ევროპული ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ მცირე და საშუალო საწარმოები წარმატებით ფუნქციონრებენ და წამყვან მდგომარეობას იკავებენ კვლავწარმოებით სისტემაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  შემუშავებულია და ხორციელდება მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა.

მცირე და საშუალო საწარმოების შექმნის, განვითარების და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდის მხარდაჭერისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში, 2014 წლის თებერვალში შეიქმნა ორი უწყება - მეწარმეობის განვითარების სააგენტო და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო: წარმოადგენს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელების ერთადერთ მაკოორდინირებელ სტრუქტურას საქართველოში. სააგენტოს ძირითადი მიზნებია: კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება; დამწყები ბიზნესების მხარდაჭერა; თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრების მხარდაჭერა; საქონლისა და მომსახურების ექსპორტის დივერსიფიკაციის ხელშეწყობა და ა.შ.

სააგენტოს მთავარი ფუნქციებია: ბიზნესის მხარდაჭერა DCFTA-ის მოთხოვნებთან ადაპტაციის პროცესში; სხვადასხვა სფეროში საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, საექსპორტო და ადგილობრივ ბაზრებზე არსებული მოთხოვნისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მეწარმეთათვის მიწოდება; მეწარმეთათვის დახმარების გაწევა ბიზნესის დაგეგმვისა და განვითარების კუთხით; მეწარმეთა დახმარება დონორებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში; ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა სხვადასხვა სქემების გამოყენებით; საერთაშორისო ბაზრებზე მარკეტინგის პროცესში დახმარება და ა.შ.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო: წარმოადგენს ცოდნასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერ ძირითად უწყებას. სააგენტოს მთავარი მიზნებია: ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის და მისი განვითარების პროცესის კოორდინაცია; ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების, კვლევისა და განვითარების (R&D) სტიმულირება, მათი კომერციალიზაციის და გამოყენების ხელშეწყობა; ინოვაციური დამწყები კომპანიების (start-up) ფორმირების და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა; სამეცნიერო და ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა; მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარების და მისი გამოყენების ეფექტურობის ამაღლების ხელშეწყობა და ა.შ.     [საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020:10 – 12].

წარმოებული პროდუქტისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობის ზრდას ბიზნესსექტორის მხარდაჭერა განაპირობებს. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო 2020  „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება, თავის მხრივ, ითვალისწინებს ბიზნესსაქმიანობის შესაბამისობას ევროკავშირის მოთხოვნებთან და ნორმებთან. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო უზრუნველყოფს ბიზნესსექტორის ინფორმირებულობას შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებთან და ასევე, ევროკავშირის სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით. ამასთან, სახელმწიფო შეიმუშავებს ეფექტიან მექანიზმებს ბიზნესის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, რეგულირებასთან შესაბამისობის ხარჯების შემცირებისა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით. ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდა დამოკიდებულია სამეწარმეო უნარების განვითარება/ამაღლებაზე. აქედან გამომდინარე, სსიპ - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დამწყები და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების სამეწარმეო უნარების განვითარება იქნება     [საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო 2020: 32].

საქართველოს მთავრობის დოკუმენტში - ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისთვის - პირველ თავში - სამთვრობო პროგრამა „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ ნათქვამია: „საქართველოს  მთავრობის  ეკონომიკური  პოლიტიკა  დაეფუძნება  თავისუფალი  საბაზრო ეკონომიკის პრინციპებსა და ღირებულებებს. მთავრობა დაძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს, უნარიან და მშრომელ მოქალაქეებს შეუქმნის სიმდიდრის და კეთილდღეობის პირობებს, რისთვისაც განავითრებს წვრილ და საშუალო ბიზნესს და სოფლის მეურნეობას, დაიცავს კერძო საკუთრებას და შრომით უფლებებს“...  „ ბაზარი გახდება კონკურენტუნარიანი, ხელი შეეწყობა თავისუფალ მეწარმეობას“ [ ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 .,9].

მთავრობის სტრატეგია ითვალისწინებს დასაქმების უზრუნველსაყოფად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას, ინვესტიციების მოზიდვასა და წარმოების ხელშეწყობას. მთავრობის მიერ შემუშავებული დასაქმების პოლიტიკის შედეგად შესაძლებელი გახდება საკუთარი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისი სამუშაო ადგილის მოძიება და საკუთარი ცოდნისა და უნარის რეალიზაცია; გაჩნდება დამატებითი შემოსავლები და გაუმჯობესდება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა; შემცირდება მოსახლეობის მასობრივი გასვლა საზღვარგარეთ; შემცირდება სოციალური სიდუხჭირის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულობათა რიცხვი; გაუმჯობესდება დემოგრაფიული მაჩვენებლები[ ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 .,11].

2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყეს ახალი სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელება, რომელიც მიმართულია წარმოების შემდგომი განვითარებისა და წახალისებისაკენ.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ რომლის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. 

პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის, არსებული  საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა, - ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის საშუალებით.

2014 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობა გამოვიდა ინიციატივით პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დამატებოდა ახალი კომპონენტი, რომელიც მიმართული იქნებოდა საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებაზე.

2015-2018 წლის მონაცემებით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში"  ფარგლებში, მხარდაჭერილია 5 313  პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის  მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე, ამასთანავე თანადაფინანსების სახით გაიცა 22 949 474 ლარი, სადაც 8 412  ბენეფიციარი/მოსარგებლეა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, გარდა თბილისისა.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.        

დასკვნა

მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ნებისმიერ ქვეყანაში. იგი უზრუნველყოფს მოსახლეობის დასაქმებას, ხელს უწყობს ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას, ბაზარს აწვდის ახალ საქონელს და მომსახურებას და აკმაყოფილებს მსხვილი საწარმოების მოთხოვნებს. მცირე  და საშუალო ბიზნესი განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის ქვაკუთხედია, მასზე მოდის კერძო სექტორის ნაწარმის თითქმის ნახევარი, მცირე ბიზნესში დასაქმებულია  ქვეყნის კერძო სექტორის სამუშაო ძალის თითქმის ნახევარი და მასზე ახალი სამუშაო ადგილების 2/3 დან 3/4-მდე მოდის.

კონკურენტუნარიანი, განვითარებადი და ზრდის მუხტით აღჭურვილი ეკონომიკის ჩამოყალიბება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე გადის.

სახელმწიფო არის ერთადერთი ორგანო, რომელსაც თავისი პოლიტიკით შეუძლია ბიზნესის რეგულირება, როგორც მისი წახალისება, ასევე შეფერხება-შეზღუდვა.

მეორე მხრივ, ბიზნესს, რომლის ინტერესში შედის გარკვეული პოლიტიკის გატარება, შეუძლია ძლიერი გავლენა მოახდინოს ქვეყნის ხელისუფლების მიერ ბიზნესის სფეროში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე.

მაღალგანვითარებული ქვეყნების თანამედროვე პრაქტიკა ცხადყოფს რომ სახელმწიფოს საკმაოდ ძლიერი გავლენა აქვს ბიზნესზე.  მეწარმეობის მასშტაბური განვითარება განაპირობებს სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის სულ უფრო მზარდ ტენდენციას. სახელმწიფოს ზრუნვის საგანი უნდა იყოს ბიზნესისადმი ხელის შეწყობა და მისი განვითარებისათვის საჭირო სამართლებრივი, ორგანიზაციული და ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნა. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. მესხია. ი. - ბიზნესის საფუძვლები (დამხმარე სახელმძღვანელო),  თბილისი, 2011.
  2. უშანგი სამადაშვილი. უ. - ბიზნესის საფუძვლები - გამომცემლობა „უნივერსალი“თბილისი, 2013.
  3.  შენგელია. თ. - ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები - გამომცემლობა   „ ახალი საქართველო“, 2008.
  4. მცირე და საშუალო  ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკა საქართველოში- აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოსეროვნულიი პლატფორმა.
  5. ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისთვის (საბოლოო ვარიანტი)   თბილისი, 2013.
  6. საქართველოს ეროვნული შრომის ბაზარი  - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)  - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)  -  მიერ 2010 წლის ივნის -ივლისში ჩატარებული კვლევის ანგარიში.  თბილისი, 2010.
  7. სამუშაო ძალაზე დამსაქმებელთა მოთხოვნა - მიგრაციის საერთაშორისო  ორგანიზაციის მიერ 2011 წელს ჩატარებული კვლევის ანგარიში. თბილისი, 2012.
  8. საქართველოს შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მიწოდება - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)  მიგრაციის საერტშორისო ორგანიზაცია (IOM) -ის მიერ 2011 წელს თებერვალ-ივნისში ჩატარებული კვლევის ანგარიში. თბილისი, 2011.
  9. www.qartuli.ge/?lang=1&menuid=98&id=51
  10. ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2017-2020 წლებისათვის (გადამუშავებული ვარიანტი) თბილისი, 2016, გვ.11-12.
  11. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში ექსპერტი - თამარ ბრეგვაძე გვერდი 14, თბილისი, 2013.
  12. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო 2020.  გვ. 32.
  13. ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისთვის -პირველ თავში - სამთვრობო პროგრამა „ ძლიერი, დემოკრატიული,ერთიანი საქართველოსთვის.  გვ. 11.
  14. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო 2020. გვ.32.
  15. საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის 2. 1,  გვ. 10 – 12.